თურქეთში ლგბტ აქციებზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა

უსაფრთხოების ძალებმა თურქეთის რამდენიმე ქალაქში ლგბტ აღლუმების 150-მდე მონაწილე დააკავეს.
2023 წლის 25 ივნისს თურქეთის პოლიციამ დააკავა სულ მცირე 150 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ლგბტ მარშებში სტუმბოლსა და იზმირში. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში, ლგბტ აღლუმზე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო, სამართალდამცავებმა 93 ადამიანი დააკავეს.
დაკავებებს წინ უძღოდა სტამბოლის პროვინციის გუბერნატორის, დავუთ გიულის განცხადება, რომელიც წინა დღით დაჰპირდა, რომ თავიდან აიცილებდა „ოჯახებისთვის საშიშ მოვლენებს“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა ლგბტ თემის ნებისმიერი ღონისძიება, ასევე პიკნიკი და ფილმის ჩვენება „ლგბტ სიამაყის თვის“ საპატივცემულოდ.
ლგბტ აქციის დღეს სტამბოლის პოლიციამ გადაკეტა ტაქსიმის ცენტრალური მოედანი და მის მიმდებარე ყველა ქუჩა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა აქტივისტებს ცისარტყელას დიდი დროშით ხელში გაევლოთ ქალაქის ცენტრში.
გარდა ამისა, იზმირში ლგბტ თემის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ჟურნალისტებისა და ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, სულ მცირე 48 აქტივისტი პოლიციამ იზმირში დააკავა.
როგორც მჟკ იტყობინება, პოლიციამ სტამბოლში ლგბტ მარში დაარბია.



