საბერძნეთის ეკლესიის სინოდი გეი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგია
საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ „ბავშვები არ არიან შინაური ცხოველები მათთვის, ვისაც სურს თავი პატრონად იგრძნოს“.
საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოსცა ცირკულარი, რომელშიც გამოხატული იყო ნეგატიური დამოკიდებულება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მიმართ, იუწყება ვებგვერდი Athens News.
სინოდმა ყველა ეპარქიას გაუგზავნა მეუფე იერონიმეს მიერ ხელმოწერილი ენციკლიკა, რომელშიც მოცემულია სინოდის მოკლე პოზიცია ერთსქესიანი წყვილების ქორწინებისა და შვილის აყვანის საკითხებზე.
წმინდა სინოდი ეწინააღმდეგება ზოგადად სამოქალაქო ქორწინებას და არა მხოლოდ ერთსქესიანი წყვილების სამოქალაქო ქორწინებას.
ენციკლიკაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის ეკლესია არ ეთანხმება „ერთსქესიანთა მშობლობას, რადგან ის არ აკმაყოფილებს შვილების უფლებას ჰყავდეთ მამა და დედა, და მეორეც, ერთსქესიანთა ქორწინებას, რადგან ეს იწვევს ერთსქესიანთა მშობლობას“.
საბერძნეთის ეკლესია ასევე ხაზს უსვამს, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ გამოყენებული „აქტივისტური ზეწოლის“ იარაღად და რომ „ბავშვები არ არიან შინაური ცხოველები მათთვის, ვისაც სურს თავი პატრონად იგრძნოს და არც „აქსესუარი“, რომელიც ხაზს გაუსვამს ან სოციალურად მისაღებს ხდის ერთსქესიანთა კავშირს .
წმინდა სინოდის ენციკლიკა ასევე აღნიშნავს, რომ „როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შვილად აყვანის ინსტიტუტთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღზრდისთვის შესაფერისი ოჯახი და არ მისცეს შვილები ნებისმიერ მსურველს."
„შვილად აყვანის კონტექსტში პრიორიტეტულია ბავშვის ინტერესი, რომელსაც არ ჰყავს მშობლები ან შესაფერისი მშობლები, ვიდრე ზრდასრულის აზრი, რომელიც თავს შესაფერის მშობლად თვლის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ადრე მჟკ წერდა, რომ ბერძენი იერარქის თქმით, ხელისუფლება თავისი კანონებით ზღუდავს რწმენის თავისუფლებას.