ეკლესია ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულს აღნიშნავს
14 ოქტომბერი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დიდებული დღესასწაულია.
14 ოქტომბერს ეკლესია ლოცვით აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულს და იხსენებს 910 წელს კონსტანტინოპოლში ვლაქერნის ტაძარში ღვთისმშობლის გამოცხადებას მომლოცველთა წინაშე.
ეს დღესასწაული არ შედის ათორმეტთა რიცხვში, მაგრამ ის ერთ-ერთი საყვარელია მართლმადიდებლებისთვის.
დღესასწაული დაწესებულია სასწაულებრივი მოვლენის პატივსაცემად, რომელიც მოხდა ცარგრადში 910 წელს, როდესაც წმინდა ანდრია სალოსს და მის მოწაფე ეპიფანეს ჰქონდათ ღვთისმშობლის საფარველის გამოცხადება.
ეს ბიზანტიისთვის რთული დრო იყო. იმპერიას ემუქრებოდა სარაცინელთა თავდასხმა, რომლებიც ისლამის აღმსარებლები იყვნენ. როდესაც ბარბაროზთა ჯარები კონსტანტინოპოლს მიადგნენ, ბიზანტიის დედაქალაქის მაცხოვრებლები უკვე სიკვდილისთვის ემზადებოდნენ და, ვინაიდან ისინი არსაიდან არ ელოდნენ დახმარებას, მასიურად მიედინებოდნენ სალოცავად ვლაქერნის ტაძარში, სადაც დაცული იყო ღვთისმშობლის კვართი და მისი თავსაბურავი.
კვირა დღეს, 910 წლის 1 ოქტომბერს, ღამისთევის მსახურების დროს წმინდა სალოსმა ანდრიამ იხილა ჰაერში მომავალი ღვთისმშობელი, გასხივოსნებული, ანგელოზებით და წმინდანებით გარშემორტყმული. ჯერ მან თვალცრემლიანმა ილოცა ქრისტიანებისთვის, შემდეგ მოიხსნა თავსაბურავი და ტაძარში მომლოცველ ხალხს გადააფარა, იცავდა მათ ხილულ და უხილავ მტერთაგან.
სასწაულებრივმა საფარველმა დაიცვა ქალაქი. ატეხილმა ქარბუქმა ბარბაროზთა გემები მიმოფანტა და კონსტანტინოპოლის მაცხოვრებლები სიკვდილისგან იხსნა.