რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა, - გაერო
უკრაინაში შობადობის დონე ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში.
რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მლნ ადამიანით შემცირდა, რაც საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედს შეადგენს. ეს დევნილთა გადინებასთან, შობადობის შემცირებასთან და ომის დანაკარგებთან არის დაკავშირებული, განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს ფონდის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა განსახლების სფეროში, იუწყება Reuters.
ჟენევაში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ბაუერმა აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალში განხორციელებულმა შეჭრამ დაამძიმა ისედაც რთული დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში. „შობადობის დონე მკვეთრად დაეცა და ახლა შეადგენს ერთ ქალზე ერთ ბავშვს, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - თქვა მან. მოსახლეობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შობადობის დონე იყოს 2,1 ბავშვი ერთ ქალზე.
ყველაზე მეტად უკრაინელთა რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედა 6,7 მლნ უკრაინელმა, რომლებიც გახდნენ ლტოლვილები და ძირითადად ცხოვრობენ ევროპაში. სამხედრო დანაკარგი აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. „ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია, მაგრამ შეფასებების მიხედვით მსხვერპლი ათი ათასობით რიცხვს ითვლის“, - დაამატა ბაუერმა.
ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და ცხოვრების ხარისხის პრობლემების ინსტიტუტის მონაცემთა მიხედვით, უკრაინის მოსახლეობა 2022 წლის 1 იანვრისთვის შეადგენდა 42 მლნ ადამიანს, ხოლო 2024 წლის ივლისისთვის - 35, 8 მლნ, საიდანაც 31,1 მლნ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.
როგორც მჟკ იუწყებოდა, გაეროში თვლიან , რომ უკრაინის მოსახლეობა 2100 წლისთვის 15,3 მლნ ადამიანამდე შემცირდება.