პაპი ფრანცისკე: რმე არ წყვეტს ლოცვას მართლმადიდებლებთან ერთიანობისთვის
პონტიფიკოსმა პატრიარქ ბართლომეოსს დაუდასტურა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დიალოგის ერთგულება.
2024 წლის 1 დეკემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსადმი გაგზავნილ გზავნილში დაადასტურა კათოლიკური ეკლესიის „შეუქცევადი ვალდებულება“ გაჰყვეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ეკუმენური დიალოგის გზას, იუწყება Vatican News.
„ცოცხალი ძმობა და მოწმობა, რომელსაც ქრისტიანები აძლევენ, შეიძლება იყოს გზავნილი ჩვენი სამყაროსთვის, რომელიც განიცდის ომსა და ძალადობას“, - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.
„Unitatis redintegratio“ განკარგულების 60 წლის იუბილეზე საუბრისას პონტიფიკმა თქვა, რომ „დიალოგი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რჩება განსაკუთრებით ნაყოფიერი“, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრული ერთიანობა, გამოხატული საერთო ევქარისტიაში, ჯერ არ არის მიღწეული. „კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა არასოდეს არ უნდა შეწყვიტონ ლოცვა და მუშაობა ერთიანობისთვის“, - დასძინა მან.
რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე იმედი გამოთქვა 2025 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავის ერთობლივი აღნიშვნის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება „კიდევ ერთი შესაძლებლობა ქრისტიანებს შორის კავშირების გასაძლიერებლად“.
ვატიკანის დელეგაციამ, ისევე როგორც გასულ წლებში, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად კონსტანტინოპოლის ეკლესიის ზეციური მფარველის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღნიშნა. სტუმრები საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც პატრიარქმა ბართლომეოსმა ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
როგორც მჟკ იტყობინება, რომის პაპმა განაცხადა, რომ ის თურქეთს ეწვევა ნიკეის კრების 1700 წლისთავზე.