1 იანვრიდან ათონზე მომლოცველთა რაოდენობა შეიზღუდება
ათონზე მომლოცველობა ახლა შესაძლებელია მხოლოდ მონასტრებისა თუ სკიტების ოფიციალური მოწვევის საფუძველზე.
2025 წლის 1 იანვრიდან ათონზე პილიგრიმებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. Global Orhodox იტყობინება, რომ შეზღუდვები გამოწვეულია ვიზიტორების მზარდი რაოდენობისა და სამონასტრო ცხოვრების წესისა და ლოცვის რუტინის შენარჩუნების აუცილებლობით.
ახალი რეგულაციების მიხედვით, მომლოცველთა რაოდენობა მკაცრად შეიზღუდება: კომუნალურ სკიტებზე თვეში 200 კაციანი ლიმიტია დაწესებული, ცენტრალური ეკლესიებისთვის (კირიაკონი) – 50 ადამიანი, ხოლო საკნებში – არაუმეტეს 20 ადამიანი იქნება დაშვებული. ასევე შემოღებულია შეზღუდვა ხუთზე მეტი ადამიანის მომლოცველთა ჯგუფებზე. გამონაკლისს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ბერების და სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფები.
ათონზე მომლოცველობა ახლა შესაძლებელია მხოლოდ მონასტრებისა თუ სკიტების ოფიციალური მოწვევით. კატეგორიულად აკრძალულია წმინდა მთის ტერიტორიაზე უნებართვო გადაადგილება და სხვა მონასტრებში განსახლების მოთხოვნა მოწვევის გარეშე.
ვიზიტის ნებართვის მისაღებად, მომლოცველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ მომლოცველთა ოფისს და მიიღონ დამტკიცება ჩასვლამდე არაუგვიანეს 12:00 საათისა. დადგენილი შეზღუდვების დარღვევა გამოიწვევს მოწვევის გაუქმებას.
ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს, შეზღუდვები შეიძლება დროებით შემსუბუქდეს, მაგრამ ასეთი ცვლილებები გამოყენებული იქნება მხოლოდ შესაბამისი საეკლესიო ორგანოების თანხმობით.
მჟკ-ს ცნობით, ათონის ერთ-ერთ მონასტერში ბერი გაუჩინარდა.