ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას გენდერული პოლიტიკის გაუქმების შესახებ
აშშ-ში ოფიციალურად მიღებული იქნება მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
2025 წლის 25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას: „ქალთა დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სამართლიანობის აღდგენა“. ბრძანება გამოქვეყნებულია თეთრი სახლის საიტზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ში „იდეოლოგები, რომლებიც უარყოფენ სქესის ბიოლოგიურ რეალობას, უფრო ხშირად იყენებენ სამართლებრივ და სხვა სოციალურ იძულებით საშუალებებს, რომ მამაკაცებმა მოახდინონ საკუთარი თავის ქალებთან იდენტიფიციფრება და ჰქონდეთ წვდომის საშუალება ქალებისთვის განკუთვნილ ინტიმურ ერთსქესიან სივრცეებთან და ღონისძიებებთან, დაწყებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებიდან და სამუშაო ადგილებზე ქალთა საშხაპეებით დამთავრებული“.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს არ არის სწორი“.
„ჩვენი ადმინისტრაცია დაიცავს ქალთა უფლებებს და სინდისის თავისუფლებას, ნათელი და ზუსტი ენისა და პოლიტიკის გამოყენებით, რომელიც აღიარებს, რომ ქალები ბიოლოგიურად ქალები არიან, ხოლო მამაკაცები - ბიოლოგიურად მამაკაცები... შეერთებული შტატების პოლიტიკა ითვალისწინებს ორი სქესის აღიარებას - მამრობითის და მდედრობითის. ეს სქესები უცვლელია და დაფუძნებულია ფუნდამენტურ და უეჭველ რეალობაზე“, - განაცხადა ტრამპმა ბრძანებაში.
ამ მომენტიდან აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი განმარტებებით:
- „სქესი“ გულისხმობს ადამიანის, როგორც მამაკაცის ან ქალის უცვლელ ბიოლოგიურ კლასიფიკაციას. „სქესი“ არ არის სინონიმი და არ შეიცავს „გენდერული იდენტობის“ კონცეპციას“.
- „ქალები“ და „გოგოები“ შესაბამისად ნიშნავს ზრდასრულ და არასრულწლოვან ქალებს“.
- „მამაკაცები“ და „ბიჭები“ შესაბამისად ნიშნავს ზრდასრულ და არასრულწლოვან მამაკაცებს“.
ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ „გენდერული იდეოლოგია მოიცავს იდეას, რომ არსებობს გენდერთა ფართო სპექტრი, რაც არ არის კავშირში ადამიანის სქესთან. გენდერული იდეოლოგია შინაგანად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ის ამცირებს სქესს როგორც იდენტიფიცირებულ და სასარგებლო კატეგორიას, მაგრამ ამავდროულად ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიძლება გაჩნდეს სხეულში არასწორი სქესით“.
დოკუმენტი ავალდებულებს ყველა ფედერალურ სააგენტოს, რომ 30 დღის განმავლობაში მოიყვანოს დოკუმენტაცია ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აკრძალულია ფედერალური საშუალებების გამოყენება „გენდერული იდეოლოგიის“ განვითარებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ბრძანებაში ეთმობა უსაფრთხოების საკითხებს - იკრძალება მამაკაცთა განთავსება ქალთა ციხეებში და თავისუფლების აღმკვეთ სხვა დაწესებულებებში. გადაიხედება აგრეთვე ქალებისთვის განკუთვნილ ინტიმურ სივრცეებში მოხვედრის წესები.
იუსტიციის სამინისტროს ევალება მოქალაქეთა უფლების დაცვის უზრუნველყოფა სქესის ბინარული ბუნების შესახებ აზრის გამოხატვაში და აგრეთვე სქესობრივი ნიშნით სივრცეების გაყოფის უფლების დაცვა.
ბრძანება აუქმებს წინა ადმინისტრაციის მთელ რიგ დოკუმენტს, მათ შორის ბრძანებებს, რომლებიც ეხება ტრანსგენდერ პირთა უფლებებს სკოლებში და სხვა დაწესებულებებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, „სქესის ცნების წაშლის მცდელობები ენაში და პოლიტიკაში დამანგრეველ გავლენას ახდენს არა მარტო ქალებზე, არამედ მთელი ამერიკული სისტემის დამაჯერებლობაზე“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება იქნება აშშ-ში მხოლოდ ორი სქესის აღიარება.