კიევში გაიხსნა გამოფენა, რომელიც კსა-ის და ლავრის ტიპოგრაფიის გახსნას მიეძღვნა

გამოფენა ასახავს სასულიერო სკოლებისა და კიევ-პეჩერის მონასტრის როლს უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების საქმეში.
2025 წლის 18 მარტს კიევის სასულიერო სკოლების საეკლესიო-არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც დაკავშირებულია კიევის სასულიერო აკადემიისა და კიევ-პეჩერის ლავრის ტიპოგრაფიის დაარსების 410-ე წლის თარიღთან. როგორც კსას-ის საიტი იუწყება, გამოფენის გახსნა ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტური XIV კონფერენციის ფარგლებში.
კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, გამოფენა გახსნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.
გახსნას აგრეთვე ესწრებოდნენ: პრორექტორი სასწავლო-მეთოდური მუშაობის დარგში, ბატურინსკის ეპისკოპოსი პანტელეიმონი, კსა-ის ასპირანტურის ხელმძღვანელი, ბარიშევსკის ეპისკოპოსი ფილარეტი, სტუმრები, კონფერენციის მონაწილეები, აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები.
გამოფენის პრეზენტაციის დროს მუზეუმისა და აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, კსა-ის დოცენტმა, არქიმანდრიტმა დამასკინმა (ლებედი) ისაუბრა კიევის სასულიერო აკადემიისა და კიევ-პეჩერის ლავრის ტიპოგრაფიის ისტორიაზე. მან ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილ ძველ ბეჭდურ გამოცემებზე, რომლებიც ასახავენ აკადემიის ისტორიას, საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას და სამეცნიერო მოღვაწეობას მისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში.
ცალკე სტენდი ეძღვნებოდა კიევის სასულიერო სკოლების გარდაცვლილი რეგენტის, არქიმანდრიტ რომანოზის (პოდლუბნიაკი) ხსოვნას. ერთ-ერთი ექსპოზიცია ასახავდა ყველა ადგილს, სადაც სხვადასხვა დროს განლაგებული იყო აკადემია.
„გამოფენა იქცა მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებად, რომელმაც საშუალება მისცა ყველა დამსწრეს ჩაღრმავებოდნენ კიევის სასულიერო სკოლების, კიევ-პეჩერის ლავრის ტიპოგრაფიის ისტორიას და შეეფასებინათ მათი როლი უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების საქმეში“, - ნათქვამია უწყებაში.
როგორც მჟკ წერდა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნა.