ეკლესია დიდ პარასკევს აღნიშნავს

დიდ პარასკევს ყველაზე მძიმე მარხვას იცავენ. ტრადიციულად, ბევრი მორწმუნე გარდამოხსნის გამობრძანებამდე საერთოდ არ იღებს საკვებს.
2025 წლის 18 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები დიდ პარასკევს აღნიშნავენ - საეკლესიო კალენდრის ყველაზე მნიშვნელოვან და მწუხარე დღეს. ამ დღეს იხსენიებენ იესო ქრისტეს ვნებას, ჯვარცმასა და სიკვდილს.
სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო საათებმა განვლო. ღამის სასამართლოს შემდეგ, რომელიც მღვდელმთავრებთან ანასა და კაიაფასთან გაიმართა, დილით იესო რომის პროკურატორ პონტოელ პილატესთან მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ პილატემ ვერ ცნო იესო დამნაშავედ, ბრბოსა და მღვდელმთავართა ზეწოლით მან ჯვარცმა მიუსაჯა მას.
იესოს სცემდნენ და ამცირებდნენ; მას ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე, კვართი ჩააცვეს, სახეში ულაწუნებდნენ და დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ: „გიხაროდენ, იუდეველთა მეფეო!“. შემდეგ იესო აიძულეს, რომ თავისი ჯვარი გოლგოთას მთაზე აეტანა, სადაც ის ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის.
სახარების თანახმად, შუადღისას, როდესაც ქრისტე უკვე ჯვარზე იყო, ბინდმა მოიცვა ქვეყანა და ეს დღის სამ საათამდე გრძელდებოდა. ამ მომენტში იესომ წარმოთქვა: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?” და შემდეგ: ესეცა წერილი აღსრულებულ არს!”. და „მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა”. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული“.
იესოს სიკვდილის მომენტში მოხდა მიწისძვრა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი გაიყო ორად ზემოდან ქვემოთ და ბევრი მართალი მკვდრეთით აღდგა.
იმ დღის საღამოს იოსებ არიმათიელმა, იესოს ფარულმა მოწაფემ, მიიღო პილატესგან უფლება, რომ მაცხოვრის ცხედარი ჯვრიდან გარდამოეხსნათ. ნიკოდიმოსთან ერთად მათ გაახვიეს იესოს ცხედარი კეთილსურნელოვან სახვევებში და კლდეში გამოკვეთილ ახალ საფლავში დაასვენეს.
დიდი პარასკევის ღვთისმსახურებები
დღეს ტაძრებში განსაკუთრებული ღვთისმსახურებები ტარდება. დილით იკითხება წინასწარმეტყველებები მესიის წამების შესახებ და ქრისტეს ვნებანი სახარებიდან.
დღისით ტარდება მწუხრი გარდამოხსნის გამობრძანებით, სადაც გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. გარდამოხსნას გამოაბრძანებენ საკურთხევლიდან და ტაძრის ცენტრში დაასვენებენ. გამობრძანების შემდეგ მორწმუნეები მოწიწებით მიდიან და მუხლს იყრიან მის წინაშე.
საღამოს ტარდება დიდი შაბათის ცისკარი გარდამოხსნის დასაფლავების წესის აღსრულებით, რომლის დროს ტარდება ლიტანიობა გარდამოხსნის ტაძრის გარშემო შემოტარებით.
დიდ პარასკევს ყველაზე მძიმე მარხვას იცავენ. ტრადიციით, ბევრი მორწმუნე გარდამოხსნის გამობრძანებამდე საერთოდ არ იღებს საკვებს.
დიდი პარასკევი წინ უსწრებს აღდგომის დღესასწაულს, რომელიც წელს აღინიშნება კვირას, 20 აპრილს.
მანამდე მჟკ-მ ვნების შვიდეულის მოვლენები დღეების მიხედვით აღწერა.

