მღვდლების მკვლელობების მოწოდებები: ყველა ასპექტის განხილვა

26 July 17:17
4781
ფოტო: СПЖ ფოტო: СПЖ

ოდესაში, კონცერტზე, მრავალრიცხოვანი თავყრილობის წინაშე უმე-ს მღვდლების მკვლელობების მოწოდებებმა გაიჟღერა. შევეცადოთ გავერკვეთ იმაში, თუ რა ხდება სინამდვილეში.

ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ოდესაში კონცერტის დროს როკ-ჯგუფის „ჰაითსფიჩის“ მომღერალმა დიმიტრი ოდნოროჟენკომ  უმე-ს მღვდლების მკვლობისკენ მოუწოდა. ორიგინალში გამოყენებული იყო საგინებელი სიტყვა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითარგმოს როგორც „მოკვლა“. ეს არ არის ეკლესიის მისამართით უკიდურესი ზიზღის გამომხატველი ერთადერთი შემთხვევა. შეიძლება გავიხსენოთ, რომ 2022 წ. სტუდია „კვარტალ 95“-ის მსახიობები აშკარად ქილიკობდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და მღვდლებზე ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. შეიძლება გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის პ. პოროშენკოსა და ბევრ სხვა პოლიტიკოსთა  მსგავსი გამონათქვამები.

ამ ყველაფრით პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა უკრაინის საზოგადოებაში მხოლოდ ზიზღის ხანძარი გააღვივეს უკრაინის მილიონობით მოქალაქეთა, უმე-ს მორწმუნეთა  მიმართ, რომლებიც ასევე იტანჯებიან ომისგან, იბრძვიან უშძ-ის რიგებში, ტოვებენ თავიანთ სახლებს, სროლის დროს სარდაფებში სხედან, ფულს აგროვებენ ჩვენი სამხედროებისა და დევნილთა დასახმარებლად და ასე შემდეგ. ზიზღის გაღვივებას, მკვლობისკენ და დასჯისკენ მოწოდებებს რამდენიმე განზომილება აქვს: სულიერი, მორალურ-ეთიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური. რა თქმა უნდა, იურიდიული განზომილებაც არსებობს, მაგრამ ის, რაც დიმიტრი ოდნოროჟენკომ სცენიდან თქვა - დანაშაულის დასრულებული შემადგენლობაა. მაგრამ ეს უკვე კომპეტენტურ ორგანოთა სფეროა.  

სულიერი ასპექტი

დიმიტრი ოდნოროჟენკომ უმე-ს მღვდლების მკვლელობისკენ მოუწოდა. შესაძლებელია, რომ ეს გაურკვევლობით მოუვიდეს, ანუ არა უწყის, რას სჩადის? იქნებ ასე იმიტომ ამბობს,  რომ არ თვლის უმე-ს ჭეშმარიტ ეკლესიად, მის მოძღვრებს კი ღვთის ჭეშმარიტ მღვდლებად? იქნებ ის უმე-ს მოწინააღმდეგეა და არა ღვთის? შესაძლებელია, მაგრამ აი მისი ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი.

„ყელამდე მაძღარი რისხვა მართალი

გუშინ ადამიანი  - დღეს გამხეცებული

თავის თავს ვნებდა რისხვა მართალი

და თუ ღმერთებმა ეს დაუშვეს, მოვკლავ ყველა ღმერთს“.

როგორც ჩანს, ეს ადამიანი არა მარტო მღვდლების მოკვლას მოუწოდებს, არამედ იმის, ვისაც ისინი ემსახურებიან. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია ღმერთის მოკვლა. თავის თავში მოკვლა, თავის გულში. ამ შემთხვევაში კი ის მართლაც მხეცს ემსგავსება. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, რომ ის გამხეცდა და მზად არის მოკლას ღმერთები,ლოგიკურია აპოკალიფსში ჩახედვა და წაკითხვა, თუ რა წერია იქ მხეცზე.

“დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.  და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა”. (გამოცხ. 13, 1 – 8). რამეს ხომ არ მოგაგონებთ?

ადამიანებმა უფრო ხშირად რომ გადაშალონ და იკითხონ წმინდა წერილი, ალბათ ასე მარტივად საკუთარ თავს მხეცს არ შეადარებდნენ. თუმცა, ვინ იცის...

შესაძლებელია  საკუთარ თავში ღმერთის  ჩაკვლა, გამხეცება,  მღვდლების მკვლელობის მოწოდება ან განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. როდესაც ადამიანი ზურგს აქცევს ღმერთს და მისი ეკლესიის წინააღმდეგ მიდის, მასში რაღაც სულიერი მექანიზმები იწყებენ მოქმედებას, რომელთა არსს ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, მაგრამ ამის შესახებ წმინდა წერილში წერია და მისი  მეშვეობით აშკარად დავინახავთ ამ მექანიზმების მოქმედების შედეგებს.

პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის...“ (გალ. 6, 7). თუ მკვლელობისკენ მოუწოდებ, თუ ზიზღს თესავ, რას მოიმკი საბოლოოდ? მკვლელობის შესახებ კი თავად ქრისტემ თქვა: „...ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება...“ (მთ. 26, 52). თუ სხვა ადამიანს ბოროტებას უსურვებ, რატომ გგონია, რომ თავად არ მოგიბრუნდება ის? თუ სხვას უთხრი ორმოს, რატომ გგონია, რომ თვითონ არ აღმოჩნდები იქ? თუ სხვისი უბედურება გახარებს, რატომ გგონია, რომ ის შენ არ გეწვევა?

რამდენიმე დღის წინ ლვოვში მოკლული იყო ირინა ფარიონი. ეს მკვლელობა აგრეთვე ღვთის მცნების: “არა კაც ჰკლა” ისეთივე დარღვევა იყო, როგორც სხვა დანარჩენი. მაგრამ გავიხსენოთ მისი (ირინა ფარიონის - მთარგმნ.) სიტყვები, როდესაც კიევში ოლესია ბუზინას კლავდნენ ან ოდესაში პროფკავშირების სახლში წვავდნენ ხალხს. განა აქ აშკარად არ ჩანს მოციქულის სიტყვების აღსრულება: “ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის“? აი, სხვა მაგალითიც. სწორედ ამ დღეებში გამოჩნდა უწყება ლვოვის სსა-ის უფროსის მაქსიმე კოზიცკის 18 წლის შვილის სიკვდილის შესახებ. უწყებაში ნათქვამია, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ, ესე იგი დაახლოებით 2023 წ. სექტემბერში, მას მალევე აღმოუჩინეს ონკოლოგიური დაავადება. 2023 წ. აპრილში კი მამამისმა  ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ექსკავატორი ანგრევს უმე-ს წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის სახელობის ტაძარს, რომელიც ერთადერთი იყო ლვოვში და, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ მიიღებოდა მისი მონაწილეობის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ეს  ტაძარი დაანგრია, თავის თავში ღმერთი ჩაკლა  და  ეკლესიის წინააღმდეგ მოწოდებებით გამოდიოდა, ზეციური სასჯელი მყისიერად არ მიუღია. მაგრამ მსგავსი შემთხვევები ხომ ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ ღვთის მცნებების დარღვევა დაუსჯელად არ ხდება. ამ სახით ღმერთი ხომ სინანულისკენ მოგვიწოდებს. იქნებ ზეციური ნიშნებით ის მიგვანიშნებს და ჩვენ, მათი ხილვისას, აღარ გადმოვაფრქვევთ ბოროტებას და ზიზღს. სწორედ თავად უფალი საუბრობს ამაზე სახარებაში. 

სულიერი კანონები  მუდმივია, მხოლოდ გულწრფელ სინანულს შეუძლია მათი მოქმედების შეცვლა. მაგრამ გადავიდეთ ორ სხვა ასპექტზე.

მორალურ-ეთიკური ასპექტი

ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, რომ საუბრები სულიერებაზე მხოლოდ „ოპიუმია ხალხისთვის“, რომ ზემოთ აღწერილი ტრაგიკული შემთხვევები მხოლოდ დამთხვევებია და არა სულიერი კანონების გამოვლენა. მაგრამ მორალური შედგენილობა მაინც რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალადობისკენ და საერთოდ სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოწოდებებს, როგორც წესი, ვიღაც შეისმენს. ვიღაც მხოლოდ იყვირებს კონცერტზე, სხვა კი ამას აღიქვამს, როგორც   მოწოდებას გარკვეული ქმედებებისკენ. მაგალითად, 2022 წ. დეკემბერში გამოვიდა სკანდალური რგოლი, სადაც სტუდია „95 კვარტალი“-ს მსახიობები უმე-ს მღვდლებზე ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებდნენ. ამ ყველაფერს მიამიტური იუმორისტული სახე ჰქონდა, ცოტა ხნის მერე კი მსახიობებმა განაცხადეს, რომ არ სურდათ ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უმე-ს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში ვინიცაში შემოვიდა ადამიანი და მღვდელ ანტონი კოვტონიუკს ყელი გამოჭრა. ეს იყო ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევა, მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ხალხი, „95 კვარტალის“ და სხვა ანტიეკლესიურ აგიტატორთა განცხადებებით წაქეზებულები, ცემდნენ მღვდლებს და მორწმუნეებს, ბილწავდნენ და წვავდნენ ტაძრებს, აწყობდნენ უმე-ს მრევლის ნამდვილ დევნას. ამ ყველაფრის მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც მოუწოდებდა ზიზღისკენ და ძალადობისკენ, ვინც აღვივებდა მტრობას, ვინც ეკლესიისგან ქმნიდა მტრის ხატს, რომელიც უნდა განადგურდეს.

ზოგიერთი ამბობს, რომ თუ რელიგიიდან მოვაშორებთ ღმერთს, დარჩება მორალი, მორალური ნორმები, რომლებიც საზოგადოებამ უნდა დაიცვას მარტო იმიტომ, რომ გადარჩეს, რომ არ გაიფანტოს და თვითგანადგურებამდე არ მივიდეს. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი, მორწმუნე და ათეისტი აღიარებს, რომ ეგრეთ წოდებული დეკალოგი, მოსეს ათი მცნება, წარმოადგენს პირობებს, რომლებიც მინიმალურად აუცილებელია კაცობრიობის არსებობისთვის. ეს ფიზიკის კანონების ან სხვა ემპირიული მეცნიერების მსგავსად. ოდესღაც კაცობრიობამ არ იცოდა, რომ არსებობს საყოველთაო მიზიდულობის ძალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ხომ მაინც მოქმედებდა. ვაშლი მიწაზე ეცემოდა არა იმიტომ, რომ ნიუტონმა ჩამოაყალიბა ეს კანონი მას შემდეგ, რაც მას ვაშლი თავზე დაეცა. ზუსტად ასევე, მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა და ასე შემდეგ არ შეიძლება არა იმიტომ, რომ მოსემ მთიდან შესაბამისი მცნებები მოიტანა. ამის კეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ სხვაგვარად კაცობრიობა თავს გაინადგურებს ან, ყოველ  შემთხვევაში, ძალზე უბედური იქნება. შეიძლება ნიუტონის კანონი არ ირწმუნო, მაგრამ არ შეიძლება დიდი სიმაღლიდან გადმოხტე და დარჩე ცოცხალი. კანონი იმოქმედებს მიუხედავად იმისა, ვიცით ჩვენ მის შესახებ თუ არა. შეიძლება არ ირწმუნო მცნებათა ღვთივგანცხადებულება, მაგრამ მათი დარღვევა თვითდანგრევის გარეშე შეუძლებელია.

როგორი იქნება ჩვენი უკრაინული საზოგადოება, თუ მას მკვლელობისკენ და დასჯისკენ არ მოუწოდებენ? იქნება კი ის ბედნიერი, თავისუფალი, მშვიდობიანი? იქნება ხალხი ასეთ საზოგადოებაში გახარებული, მოახდენს ღვთის მიერ ბოძებული ტალანტების რეალიზებას? განვითარდება კი ჩვენში კულტურა, ეკონომიკა, სოციალური სფერო? არა, და კიდევ ერთხელ - არა! კაცობრიობის მთელი ისტორია ამტკიცებს იმას, რომ ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ის ქვეყნებია, სადაც არ კლავენ, არ იპარავენ, არ ამცირებენ და, შესაბამისად, არ მოუწოდებენ ამისკენ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველას, ვინც ღვთის მცნებების დარღვევისკენ მოუწოდებს, უკრაინისთვის სიავე და ბოროტება სურს.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპექტი

 “…ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა” (მთ. 12, 25), - იესოს მიერ ნათქვამი ეს  ჭეშმარიტება ვერავინ და ვერასდროს ვერ უარყო.

უკრაინელ ჩინოვნიკთა მტკიცებით, რომლებიც უმე-ს მიმართ სულაც არ არიან კეთილგანწყობილნი, დაახლოებით 6 მლნ უკრაინის მოქალაქე მისი მრევლია. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მოსახლეობა - 30 მლნ-ზე ნაკლებია, ზოგიერთი გამოთვლის მიხედვით კი ბევრად ნაკლები. სახელმწიფო თავისი შეგნებული ანტიეკლესიური პოლიტიკით ამ 6 მლნ ადამიანს, ფაქტიურად, ხალხის მტრად აცხადებს - არაკეთილსაიმედოებად, არაპატრიოტებად, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ არალოიალურებად. სხვადასხვა მსახიობები კი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები მათ მეორეხარისხოვან ადამიანთა დაღს ასვამენ, ზოგჯერ კი მათი განადგურებისკენ მოუწოდებენ. ამით ისინი მტრობას თესავენ უკრაინის საზოგადოებაში, მას რელიგიური ნიშნით ყოფენ, ხელოვნურად აღვივებენ შიდა მტრობას უკრაინის  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის. დასაშვებია კი ასეთი პოლიტიკა ომის პირობებში?

თუ გავიხსენებთ უკრაინაში რფ-ის სრულმაშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებს, დავინახავთ, რომ ბევრი პოლიტიკოსი და უმაღლესი ჩინოვნიკი აცხადებდა, რომ ომის დროს დაუშვებელია  ყველაზე მრავალრიცხოვანი უკრაინული კონფესიის დევნა, რადგან ეს კრიტიკულად დაასუსტებს მტრის პირისპირ მყოფ ჩვენს ქვეყანას  და საბოლოოდ შესაძლებელია სამხედრო დამარცხების  გამოწვევაც. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და იგივე პოლიტიკოსებმა და სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა სრულიად საწინააღმდეგო განაცხადეს. უმე-ს მისამართით წამოვიდა სრულიად დაუზუსტებელი ბრალდებები ღალატში, კოლაბორაციონიზმში, მტრისადმი სიმპატიებში და ასე შემდეგ. გააქტიურდა ეკლესიის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივები. გაჟღერდა მკვლელობისა და ძალადობის მოწოდებები. და რა შეიცვალა? მიტროპოლიტმა ონოფრემ და სინოდმა რამე სხვა პოზიცია გაახმოვანეს, გარდა  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოწოდებებისა? მონასტრებსა და ტაძრებში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს? მღვდლები ქადაგებებში რფ-ის აგიტაციას ეწეოდნენ? მსგავსი არაფერი არ ყოფილა.

პროკურატურის, შსს-ს და უშძ-ის ხელმძღვანელობა ახმოვანებს უმე-ს მღვდლების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეების მხოლოდ მიზერულ რიცხვს. ეჭვის მიტანა შეძლეს დაახლოებით 60 მოქალაქისადმი და 20-მდე მათგანი სასამართლოებმა ცნეს დამნაშავედ. ეს არაფერია ასობით, თუ არა ათასობით სისხლის სამართლის საქმესთან შედარებით, რომლებიც აღძრულია სახელმწიფო ღალატის ბრალდებით უკრაინის სახელმწიფო მოხელეთა წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებიდანაც. გარდა ამისა, არ შეიძლება მთელ ეკლესიაზე ცალკეული მღვდელმსახურების პასუხისმგებლობის გადატანა, რომლებიც მართლაც სჩადიან სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებს. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანაშაულებებისთვის კოლექტიურ პასუხისმგებლობას.  

ობიექტურად, უმე-ს დევნისთვის არანაირი საუძველი არ არის, მაგრამ მას მაინც სდევნიან. რა ხდება? სისულელე, გაუგებრობა, პროფესიული შეუფერებლობა თუ უკრაინის შეგნებული დასუსტება ომის დროს? მართლაც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რატომ ხდება ასე. მთავარი არის ის, რომ ამ გზით  ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების შიგნიდან დასუსტება წარმოებს. მღვდლების მკვლელობის მოწოდებები, ტაძრების ნგრევა, რწმენის შეურაცხყოფა, ესე იგი ყველაზე წმინდის, რაც ადამიანს გააჩნია - ყველაფერი  ეს ქვეყნის განხეთქილებისთვის კეთდება. უკრაინის მილიონობით მოქალაქის ერთმანეთს გადაკიდება. ეს არის ზიზღის ვირუსის შეგნებული გაღვივება, რომელიც შიგნიდან გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს. როგორც ავადსახსენებელი კორონავირუსი აზიანებდა ფილტვებს და ადამიანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ასევე ეს მტრობა და ზიზღიც, რასაც მოუწოდებს ზოგიერთი მომღერალი, კომიკოსი, პოლიტიკოსი და უმე-ს მიმართ  სხვა ანტიპატიურად განწყობილი პირი, არ მისცემს ჩვენს ხალხს საშუალებას, რომ თავისუფლად ისუნთქონ, ომში გაიმარჯვონ, დაიცვან ქვეყანა და მისი ხალხი გააბედნიერონ.

საბოლოოდ

ბანალური ჭეშმარიტება: უკრაინის პატრიოტი არის ის, ვისაც სურს, რომ ის იყოს თავისუფალი, ბედნიერი, ბარაქიანი, რომ ყველა ადამიანმა თავი იგრძნოს თავისუფლად, დაცულად და სხვა ადამიანებთან თანასწორუფლებიანად. და არა მარტო სურს, არამედ აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ასე იყოს. და პირიქით, უკრაინის მტერი არის ის, ვინც მასში თესავს განხეთქილებას, ზიზღს, ვინც მოქალაქეთა ერთ ნაწილს მეორეს უპირისპირებს, მოუწოდებს მკვლელობისკენ, ხალხში სიცოცხლის, მომავლის  შიშის ატოსფეროს ქმნის, ვინც უკრაინის მოქალაქეებს ყოფს პირველ და მეორეხარისხოვნად. ასეთ ხალხს ჩვენი  ქვეყანა დამარცხებისკენ, სიღატაკისკენ და სიღარიბისკენ მიყავს. ამ სიბოროტის დამარცხება კი მხოლოდ სიკეთით შეიძლება.  “ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის…” (მთ. 5,44). თუ უმე-ს ყველა 6 მლნ ერთგული  შვილი დიდმიტრი ოდნოროჟენკოსთვის ილოცებს, აღდგება კი ღმერთი მის გულში, რას ფიქრობთ?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ