შეგვისმენს კი უფალი ლოცვის ნაციონალურ დღეს

2825
29 December 2024 19:53
1320
უკრაინელი დეპუტატები ევნგალ ფარისევლების მსგავსად იქცევიან. ფოტო: СПЖ უკრაინელი დეპუტატები ევნგალ ფარისევლების მსგავსად იქცევიან. ფოტო: СПЖ

უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი ლოცვის ნაციონალური დღის შესახებ. თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ ხომ  ნათქვამია სახარებაში: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო...“?

2024 წლის ბოლოს უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი უკრაინაში ლოცვის ნაციონალური დღის დაწესების შესახებ. ავტორთა ჩანაფიქრით, ეს იქნება რფ-ის უკრაინაში შეჭრის თარიღი - 24 თებერვალი. კანონპროექტის ინიციატორები, ეს კი 37 სახალხო დეპუტატია, ვარაუდობენ, რომ ამ დღეს რადაში იმღერონ «Боже великий єдиний, нам Україну храни», საოლქო ადმინისტრაციებში ჩაატარონ აქცია „აანთე სანთელი“, აგრეთვე - „სადღესასწაულო ღონისძიებათა კომპლექსი“.

თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ ეს „კომპლექსი“ რაღაცით  მოგვაგონებს მორიგ ღონისძიებებს უადგილო პათოსით, რომლებსაც ხელისუფლება ატარებს კიდევ ათობით სხვა დღესასწაულთა შემთხვევაშიც. სიტყვათაშეთანხმებაში „ლოცვის ნაციონალური დღე“ აქცენტი „ნაციონალურზე“ კი არ უნდა იყოს, არამედ სიტყვა „ლოცვაზე“. იქნება კი ეს ასე  ამ შემთხვევაში?

რას მოიცავს ლოცვა?

კანონპროექტი ლოცვის ნაციონალური დღის დაწესების შესახებ უმაღლეს რადაში შეტანილი იყო 2024 წ. 19 დეკემბერს და ის ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას შრომის კანონთა კოდექსში, რომელიც, სხვათაშორის, მიღებული იყო ჯერ კიდევ 1971 წ. საბჭოთა ხელისუფლების დროს. 73-ე სტატიას „სადღესასწაულო, უქმე და ხსოვნის დღეები“ უნდა დაემატოს ტექსტი: „დაწესდეს ხსოვნის შემდეგი დღეები: 24 თებერვალი - ლოცვის ნაციონალური დღე“. მინისტრთა კაბინეტმა  სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭოსთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან  ერთად უნდა შეიმუშავოს ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ამ დღეს უნდა ჩატარდეს.

თუ გავიხსენებთ, რომ იგივე „ღვთისმოსავმა“ რადამ ცოტა ხნის წინ შობა „გააუქმა“ და მორწმუნეებს 7 იანვარს უქმე დღე წაართვა, გვახსენდება საბჭოთა დრო, როდესაც პარტია ყველას ეუბნებოდა, თუ რას და როგორ უნდა მივაგოთ პატივი და რა დღესასწაულები როგორ უნდა აღინიშნოს. სრულიად დასაშვებია, რომ 12336 კანონპროექტს მიიღებენ, ის ხომ ძირითადი საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებმა შეიტანეს: დ. არაჰამიამ („ხალხის მსახური“), ი. ტიმოშენკომ («Батькивщина») და სხვა. კანონის დასაბუთებისას ავტორები ამტკიცებენ, რომ ის აუცილებელია „მორალურ-პატრიოტული სულის ასამაღლებლად“.

მაგრამ  ექნება კი ყველა ღონისძიებას რამე კავშირი ამ ლოცვასთან ლოცვის ნაციონალურ დღეს?

მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ლოცვის შესახებ ეკლესიის მამები. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „ლოცვა - საუბარია ღმერთთან, როგორც მეგობართან. ეს არა მარტო სიტყვების განმეორებაა, არამედ სულის გულწრფელი და ღრმა მიმართვა ღმერთისკენ“. შესაძლებელია ეს ლოცვითი საუზმის დროს? აი, წმინდა ბასილი დიდის გამონათქვამი: „ლოცვა - გონების ამაღლებაა ღმერთამდე, ეს არის ნათელი, რომელიც გაწმენდს სულს ყოველივე სიბილწისგან“, ღირსი ისააკ ასურისა: „ლოცვა - ეს სულის ჩუმი საუბარია ღმერთთან, როდესაც ის გადმოაფრქვევს მის წინაშე  ყველა ჭირსა და ვარამს“.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით წერილში ლოცვის შესახებ აცხადებენ შემდეგს: „ლოცვა ღვთისადმი წარმოადგენს ზებუნებრივ ძალას გამარჯვებისთვის და უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციისა და ერთიანობის გარანტს“. სახალხო დეპუტატები აგრეთვე დარწმუნებულები არიან, რომ „ლოცვა გახდება ჩვენი გამარჯვების რწმენის  სიმბოლო“, ხოლო თავად კანონი ითვალისწინებს ლოცვას „გამარჯვებისთვის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“.

ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან ერთობისკენ სწრაფვა აქ ჩანაცვლებულია წმინდა უტილიტარული  მიზნებით: რფ-სთან ომში გამარჯვებით და ტერიტორიების დაბრუნებით. ეს კი უკვე ლოცვის სრულიად სხვა გაგებაა.

გამარჯვებისთვის და ერთობისთვის ლოცვა შეიძლება და საჭიროა. მაგალითად, 2023 წ. 24 თებერვალს, რფ-ის უკრაინაზე თავდასხმის წლისთავზე, უმე-ს წინამძღოლმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა: „ომის დაწყებისთანავე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის ერთგულ შვილებს სამშობლოს დასაცავად და მოუწოდებს განსაკუთრებული  ლოცვისკენ უკრაინისთვის, ყველასთვის, ვინც დაზარალდა  ომის შედეგად  და, რა თქმა უნდა, მებრძოლებისთვის, რადგან სწორედ ისინი, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, წარმოადგენენ იმ საყრდენს, რომელიც დგას წინ, რომ  შიგნით მყოფთა სიმშვიდე დაიცვას“.

ყოველ ლიტურგიაზე უმე-ს ყველა ტაძარში ჟღერს განსაკუთრებული ლოცვა უკრაინისთვის, ჩვენი მხედრობისთვის, ყველასთვის, ვინც ომისგან დაზარალდა და დაიღუპა. მაგრამ ეს ყველაფერი თვითმიზანს არ წარმოადგენს. მოციქულმა  პავლემ ხელისუფლებისთვის ლოცვისკენ მოგვიწოდა:

“უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში” (1 ტიმ. 2, 1-3). მაგრამ ამის შემდეგ მოციქული გვიხსნის, თუ რისთვის არის ეს საჭირო: „რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას” (1 ტიმ. 2, 4).

ჩვენ კი გვთავაზობენ ლოცვის ამ მთავარ მიზანს, ცხონებას და საუკუნო ცხოვრებას, დათმო და აღიარო, რომ ლოცვა - ეს უბრალოდ ომში გამარჯვების მოპოვების მეთოდია, დაკარგული მიწების დაბრუნებისა და საზოგადოების ერთიანობის გარანტი.

რომელ ღმერთს ვევედროთ?

ეს ლოცვა, ამ სიტყვის ეკლესიური გაგებით, ვერაფრით ვერ გახდება  უკრაინის საზოგადოების ერთობის გარანტი მარტო იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ერთიანი თავისი რელიგიური კუთვნილების თვალსაზრისით. ჩვენთან არიან იუდეველები, ქრისტიანები, მუსულმანები, სხვა რელიგიათა წარმომადგენლები. ქრისტიანული კონფესიაც რამდენიმეა. ლოცვაში ერთობა ითვალისწინებს რწმენაში ერთობას. სახალხო დეპუტატების აზრით, ვის უნდა ევედრონ  ლოცვის ნაციონალურ დღეს? ქრისტეს, მუჰამედს, იეღოვას თუ ვინმე სხვას?

შეგვისმენს კი უფალი ლოცვის ნაციონალურ დღეს - სურათი 1

ზელენსკი ებრაელებთან, მუსლიმებთან, კათოლიკეებთან, უნიატებთან და OCU-ს წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო საუზმეზე. ფოტო: сайт ОП

საეკლესიო კანონებით აკრძალულია ლოცვა  მათთან, ვინც არ იზიარებს ძირითად სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს და  მათთანაც, ვინც ეკლესიისგან განდგომილია. მოციქულთა მე-10 კანონი ასე ჟღერს:
ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს”.

მაგრამ სამოციქულო წესებისა და კანონების გარეშეც ჩანს 12336 კანონპროექტის ინიციატორთა და ზოგადად დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სიცრუე და თვალთმაქცობა. ამ კანონპროექტის ავტორთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ იქ უმე-ს ისეთ თავგამოდებულ მდევრებს, როგორებიც არიან ნ. პოტურაევი, მ. კნიაჟიცკი, ა. ალიქსიიჩუკი და სხვები. საერთოდ, ლოცვის ნაციონალური დღის კანონპროექტის 37 ავტორიდან უმრავლესობა ისინი არიან, ვინც უმე-ს აკრძალვას მისცა  ხმა. როგორ შეიძლება ებრძოლო ქრისტეს ეკლესიას, ართმევდე ტაძრებს, გაამართლო სასულიერო პირთა მიმართ რეპრესიები და ამავდროულად დააწესო „ლოცვის ნაციონალური დღე“? თან  ამას  საზოგადოების ერთიანობის გარანტი დაარქვა?! როგორ შეიძლება 6 მლნ უკრაინელი მოქალაქე ფაქტიურად კანონგარეშე დატოვო, წაართვა მათ რწმენის თავისუფლების საკონსტიტუციო უფლება, მოახდინო უკრაინის საზოგადოების ფაქტიური განხეთქილება და თან ერთობაზე ლაპარაკობდე? ეს ხომ უმაღლესი დონის სიცრუე  და თვალთმაქცობაა?! 

რა არის სათნოების ნიღბის უკან?
უკრაინის ხელისუფლებამ მოახდინა უმე-ს მორწმუნეთა ნამდვილი დევნის ორგანიზება, მასმედიაში და სოცქსელებში მათ ტალახს ასხამდნენ, უყენებდნენ აბსურდულ ბრალდებებს მტკიცებულებების გარეშე. ანტიეკლესიური პროპაგანდის კამპანიამ უკრაინელი ხალხის ნაწილში გამოიწვია უმე-ს მორწმუნეთა მიმართ ზიზღის კულტივირება. მათ, 1930-იანი წლების მსგავსად, ფაქტიურად „ხალხის მტრების“ იარლიყი მიაკერეს („უფს-ის აგენტები“ თანამედროვე ინტერპრეტაციით). და ამ ყველაფრის მერე,  ერთიანობის სახელით სთავაზობენ ლოცვის საერთაშორისო დღის დაწესებას. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთანხმება?

იქნებ ეს ინიციატივა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თვალები აუხვიონ, დაფარონ  რელიგიის სფეროში ადამიანის უფლებების ის მასშტაბური დარღვევები, რომლებსაც ადგილი აქვს თანამედროვე უკრაინაში? ნახეთ, როგორი უსაშველოდ რელიგიურები ვართ. ნუთუ ასეთ მლოცველებს შეუძლიათ რომელიმე კონფესიის დევნა, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა? არა და არასდროს!

ვინ და როგორ ილოცებს?
კანონპროექტის ტექსტი ითვალისწინებს, რომ საოლქო ადმინისტრაციებმა დღესასწაულთან დაკავშირებით „ღონისძიებათა კომპლექსი“ უნდა უზრუნველყონ. მაგრამ რა „კომპლექსია“ ეს და როგორ იქნება ის რეალიზებული? ალბათ რეგიონები ორიენტირებულები იქნებიან კიევზე, უფრო სწორად პრეზიდენტზე. პრეზიდენტმა კი უკვე დააწესა რელიგიურ ღონისძიებათა გარკვეული ფორმატი, რომელსაც ალბათ საფუძვლად გამოიყენებენ.

2024 წ. 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, ვლადიმერ ზელენსკიმ კეივ-პეჩერის ლავრის მიტაცებულ სატრაპეზო ტაძარში მოაწყო „სამხედრო ლოცვითი საუზმე“. ამისთვის ააგეს ფიცარნაგი, დაალაგეს და გააწყვეს მაგიდები. პრეზიდენტის უკეთ დასანახად კი ფიცარნაგის ორივე მხარეს მოათავსეს უზარმაზარი ეკრანები, რომლებზეც ტრანსლირებული იყო მისი გამოსახულება. პარადოქსია, მაგრამ „ლოცვითი ვახშმის“ დღეს ამ  ეკრანებს ჩამოაფარეს წმინდანთა ხატების გამოსახულებები, რომელთა წინაშე სულ ცოტა ხნის წინ ამ ტაძარში ლოცულობდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. მაგიდების ნაცვლად, რომლებზეც საჭმელი და სასმელი იყო დალაგებული, იქ იდგა ანალოღიები, რომლებთანაც მორწმუნეები ღვთის წინაშე ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებს და შენდობას იღებდნენ.

ასეთია  დღესდღეობით ოფიციალური სახელმწიფო ლოცვის ფორმატი. კვლავ მუსულმანებთან, იუდეველებთან, პროტესტანტებთან და ა. შ.

შეგვისმენს კი უფალი ლოცვის ნაციონალურ დღეს - სურათი 2

ზელენსკის გამოსვლა სამხედრო საუზმეზე. ფოტო: сайт ОП

შეიძლება არ დაგვეთანხმონ, რადგან ზელენსკიმ ლავრაში მხოლოდ კოპირება მოახდინა „ლოცვითი საუზმისა“, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს მსოფლიოში. მაგრამ არის კი მსგავსი ღონისძიება ლოცვითი შეკრების ნიმუში?

დღესდღეობით ნაციონალური ლოცვითი საუზმე აშშ-ში ტარდება თებერვლის პირველ ხუთშაბათს. მასში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს პრეზიდენტი, კონგრესის წევრები, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები, უცხოელი სტუმრები და ყველა, ვისაც აქვს საშუალება და სურვილი, რომ ამა სოფლის ძლიერთა ფონზე გამოჩნდეს. ცხრილში აღნიშნულია წმინდა წერილისა და ლოცვების კითხვა, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს არ არის მთავარი. საჭირო ხალხთან ნაცნობობის დამყარება, საინტერესო საკითხების განხილვა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და, რა თქმა უნდა, ცნობილ ადამიანებთან სურათების გადაღება - აი, რატომ მოდიან ლოცვით საუზმეზე.

ტრადიციულად, ეს ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით სამი ათას ხუთასზე მეტი ადამიანი, ტარდება სასტუმრო „ჰილტონში“. როგორც ჩანს, უკრაინის შემთხვევაში გადაწყვიტეს ამ ღონისძიების სრულყოფა - ლოკაციის მართლმადიდებლურ ტაძრებში გადატანა. უშძ-ის დღეს „საუზმე“ ჩაატარეს ლავრის უმე-სგან მიტაცებულ სატრაპეზო ტაძარში. მაგრამ მას შემდეგ, რაც სხვა რეგიონებში უმე-ს ტაძრები ნაკრძალებად გადააქციეს, სახელმწიფო აქციების, მათ შორის ლოცვის ნაციონალური დღის ჩატარებაც, იქაც  არის შესაძლებელი. ეს სიწმინდეები ხომ ახლა ცარიელია. მაგალითად, ჩერნიგოვში უმე-სთვის წართმეულ ტაძარში ახლა კინოჩვენებები ეწყობა. ჩერკასკში მიტაცებულ საკათედრო ტაძარში ტარდება კონცერტები და ა.შ. ეს ბოლშევიკ-კომუნისტთა სტილშია, რომლებიც ტაძრებს კინოთეატრებად და კლუბებად აქცევდნენ. მაგრამ რა იმალება ამ ყველაფრის უკან? რწმენის თავისუფლების უხეშ ხელყოფაზე უკვე ითქვა. უკრაინის მოქალაქეთა სწორ და არასწორ მორწმუნეებად დაყოფაზეც ითქვა. ეს მხოლოდ რელიგიური სფეროა, მაგრამ ხომ არის კიდევ  სხვა სამარცხვინო მოვლენები, რომლებსაც აგრეთვე  მორალთან და ზნეობასთან აქვთ შეხება. ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ბიუროკრატია. სამხედრო კომისრები  და სამედიცინო კომისიის წევრები საოცარ ფუფუნებაში ნებივრობენ. მეწარმეები ჩინოვნიკების მხრიდან გადასახადებისა  და მოსაკრებლების წნეხის ქვეშ კოტრდებიან, მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ა.შ. ეს სამწუხარო ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს გავაგრძელოთ. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ უახლოეს მომავალში არანაირი ცვლილების პერსპექტივა არ ჩანს. მაგრამ სამაგიეროდ  ჩვენ  ლოცვის საკუთარი ნაციონალური დღე გვექნება.

გარეგნულისა და შინაგანის ამ შემაძრწუნებელ შეუსაბამობაზე ნათლად ნათქვამია სახარებაში: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით”. (მთ. 23, 23-28).

თითქოს ჩვენზეა ნათქვამი. არაფრის დამატება საჭირო არ არის.

საკუთარი თავის მხილება
განმარტებით წერილში, რომელიც 12336 კანონპროექტს ახლავს, მისმა ინიციატორებმა, თავისდა უნებურად, საკუთარ თავზე სამხილი დაწერეს. მათ მოიყვანეს რამდენიმე შემთხვევა, თუ როგორ იცვლება ლოცვისგან ისტორიის დინება  და რა გავლენას ახდენს ის  გლობალურ პროცესებზე მსოფლიოში. კერძოდ, ლაპარაკია ჩერჩილის მიერ დიდ ბრიტანეთში ლოცვის ნაციონალური დღის დაწესების შესახებ, რომლის შემდეგ მოხდა საფრანგეთის დიუნკერკიდან ბრიტანული არმიის წარმატებული ევაკუაცია. მას შემდეგ კი, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თავის მოქალაქეებს საერთო ლოცვისკენ მოუწოდა, ამერიკულმა ჯარებმა ნორმანდიაში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 12336 კანონპროექტის ავტორებმა აღიარეს - სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებას ლოცვის, ღმერთის, ეკლესიის მიმართ შეიძლება გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ისტორიულ ბრძოლებზე და მოვლენებზე, რომლებიც მთელი ქვეყნებისა და ხალხების ბედს განაპირობებენ. მაშინ რატომ ვერ ამჩნევენ იგივე ავტორები, რომ უმე-ს დევნამ კატასტროფულად იმოქმედა უკრაინის მდგომარეობაზე რფ-სთან ომში? რატომ ვერ ხედავენ, რომ ეკლესიის დევნის დაწყებისთანავე შეწყდა უშძ-ის წარმატებები ფრონტზე?

ეს ყველაფერი ვრცლად, ფაქტებით და თარიღებით, აღწერილია სტატიაში „უმე-ს აკრძალვა და რუსეთთან ომი: წინასწარმეტყველები სამხედრო მარცხის მიზეზების შესახებ“. ვურჩევთ წაიკითხონ მათ, ვისაც სჯერა გამარჯვების და მარცხის შემთხვევითობის და მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ შესაძლებელია ღვთის ეკლესიის განადგურებას  სასჯელი არ  მოყვეს. აქვე დავამატებთ, რომ უშძ-ის ყველა ბრწყინვალე წარმატება, კიევის დაცვა, კიევის ოლქის განთავისუფლება, ხარკოვის ოპერაცია, ხერსონის განთავისუფლება - ყველაფერი ეს ხდებოდა ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ უკრაინის ხელისუფლება დაიწყებდა უმე-ს სრულმასშტაბიან დევნას.

გავიხსენოთ 2022 წ. 1 დეკემბრის ვ. ზელენსკის სავალალოდ ცნობილი გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უმე-ს წინააღმდეგ იყო მიმართული (კერძოდ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება). ამ  გამოსვლის შემდეგ დაიწყო წარუმატებლობა, საეჭვო გადაწყვეტილებები, ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები. ნუთუ გაუგებარია, რომ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია? ნათელი არ არის, რომ სულიერი კანონები მოქმედებს ისევე უცვლელად, როგორც ფიზიკური და უფრო მეტადაც? ნუთუ არავის წაუკითხავს წმინდა წერილში: „ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის…” (გალ. 6, 7).

პოსტსკრიპტუმი
საერთო ლოცვა კარგია, ლოცვის ნაციონალური დღეც არ არის ცუდი, ლოცვითი საუზმეებიც დასაშვებია (ოღონდ არა ლავრაში, რა თქმა უნდა). მაგრამ ცუდია, რომ ეს ფარავს უკანონობას, სიცრუეს და თვალთმაქცობას. ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ,  „ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც”, თორემ არანაირი სარგებელი მათი სილამაზისგან არ იქნება.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ