„ყველაფრის საზომი ქრისტეა“ - სქიარქიმანდრიტი იუსტინე (რაუერი)

მამა იუსტინემ (რაუერი) გერმანიაში მჟკ-სთან ინტერვიუში ისაუბრა დიდი მარხვაზე, ჭეშმარიტ ქრისტიანებზე და იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას საეკლესიო თუ საერო კონფლიქტებში.
გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრი იცნობს სქიარქიმანდრიტ ბასილს (გროლიმუნდა). ის წარმოშობით შვეიცარიიდან არის, ბერად აღკვეცა წმინდა იუსტინე პოპოვიჩმა, 11 წელი ათონზე გაატარა, სადაც იყო წმინდა პაისი ათონელის სულიერი შვილი. მისი კურთხევით, მამა ბასილი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც დააფუძნა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მონასტერი. მრავალი წლის შემდეგ პატარა ქალაქ უნტერ-უფხუზენში, აიტერფელდთან ახლოს, დააფუძნა კიდევ ერთი მონასტერი, წმინდა იუსტინე ჩელიელის სახელობის.
სწორედ ამ მონასტრის წინამძღვარი და მამა ბასილის სულიერი შვილი ჩვენი დღევანდელი თანამოსაუბრეა, ღვთისმეტყველი, მთარგმნელი და გერმანიაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სქიარქიმანდრიტი იუსტინე (რაუერი).

– მამა იუსტინე, თუ შეიძლება, მოგვიყევით, როდის მიხვედით მართლმადიდებლობაში?
– დავიბადე მიუნხენში, კათოლიკურ ოჯახში. შესაბამისად, კათოლიკურად ვიყავი მონათლული, 23 წლის ასაკში გავხდი მართლმადიდებელი, ხოლო 26 წლის ასაკში მამა ბასილთან მივედი.

– ბევრი მივიდა მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიაში და როგორ შეიცვალა ეს დღევანდელობასთან შედარებით?
– მაშინაც, რა თქმა უნდა, იყვნენ გერმანელები, რომლებიც მართლმადიდებლები ხდებოდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ამას ქორწინების გამო აკეთებდა. მათ მართლმადიდებლები მოყავდათ ცოლად და თავადაც მართლმადიდებლები ხდებოდნენ. მაგრამ ის, რომ ადამიანი უშუალოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ეძებდეს, ახლა, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ხდება.
– ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ დიდი მარხვის დაწყების წინა დღეებში. როგორ აუხსნიდით არაეკლესიურ ადამიანებს, თუ რა საჭიროა მარხვა და რატომ არის ის ასეთი მკაცრი და გრძელი?
– პირველი კითხვა: საიდან მოდის ორმოცდღიანი მარხვა? ის, რა თქმა უნდა, მოდის მოსესგან, ელიასგან და თავად ქრისტესგან. რატომ უნდა ვიმარხულოთ? იმიტომ რომ ადამს და ევას არ უმარხულიათ. ადამს და ევას ღმერთმა ერთადერთი მცნება მისცა და ეს მარხვის მცნება იყო - არ ეჭამათ ერთი ხის ნაყოფი და სხვა არაფერი. ადამმა და ევამ დაარღვიეს ეს მცნება და ამიტომ ისინი განდევნილ იყვნენ სამოთხიდან. სწორედ ამას აღვნიშნავთ ჩვენ კვირას. მარხვა გვახსენებს, რომ ყველამ უნდა დავიცვათ ღვთის მცნებები.
ღვთის მცნებების დაცვისთვის კი საჭიროა შესაბამისი ნება. ვინაიდან ეკლესიამ იცის, რომ ადამიანებს სუსტი ნებისყოფა გვაქვს, ის ყველაზე მარტივ ამოცანას გვისახავს, იმიტომ რომ ღმერთმა ყველაზე მარტივი ამოცანა დაგვისახა - მარხვა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მარხვის წესების დაცვა, ვინაიდან ეს არც ისე რთულია, მაგრამ მოხუცები, ავადმყოფები და ბავშვები თავისუფლდებიან ამ წესებისგან. მათ შეუძლიათ ამ წესების დაცვა იმდენად, რამდენადაც ეს მათთვის არის შესაძლებელი, მაგრამ ჯანმრთელი და ზრდასრული ადამიანისთვის წესები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მას ნამდვილად აქვს სურვილი. პრობლემა ნებისყოფაშია.
ეკლესიამ, კარგი პედაგოგის მსგავსად, იცის, რომ თუ ადამიანს სურს ეზიაროს ღვთის მცნებებს, მისთვის აუცილებელია ნებისყოფის განვითარება. ამიტომ ეკლესია განიხილავს მარხვას, როგორც ნებისყოფის განმტკიცების პირველ საფეხურს. თუ პირველივე საფეხურზე ადამიანს არ სურს ნებისყოფის განვითარება, გასაკვირი არ არის, თუ მას სულიერ ცხოვრებაში წარმატება არ ექნება. აი, ამიტომ ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მარხვას.
მარხვა აგრეთვე მნიშვნელოვანია სხეულის განსაწმენდად. რატომ არ უნდა განვიწმინდოთ სხეული წელიწადში ერთხელ მაინც? ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც ქრისტიანობამ პირველად გაიდგა ფესვები, გაზაფხულის დასაწყისი საუკეთესო დროა მარხვისთვის, რადგან ამ დროს უკვე ყველაფერი ამოწურულია. ადრე არ იყო, არც მაცივრები, არც კონსერვები, წლის მარაგი პრაქტიკულად აღარ იყო, ახალი მოსავალი კი ჯერ არ იყო. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველაზე ხელსაყრელია განწმენდა.
ჩნდება კითხვა, თუ რატომ შემოიღეს მარხვის ეს წესები. ისინი ისტორიულად უნდა განვიხილოთ. რადგან ეკლესია თავდაპირველად განლაგებული იყო ხმელთაშუა ზღვის გარშემო, იქ მარხვის დროს დასაშვები იყო პროდუქტები, რომლებსაც დღესდღეობით ჩვენ სამარხვოს ვერ ვუწოდებთ. მაგალითად, მარხვის გარკვეულ დღეებში დასაშვებია ზღვის პროდუქტები, მაგრამ ახლა მათ დელიკატესებს მივაკუთვნებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენ ეკლესიის მორჩილნი უნდა ვიყოთ. ადამი და ევა არ იყვნენ მორჩილნი, ხოლო ქრისტე მორჩილი იყო. ის საკუთარ თავზე ასე ამბობს: „მოვედი რომ მამის ნება აღვასრულო“. წმინდა მოციქული პავლე ქრისტეზე წერს: „ის იყო მორჩილი, მორჩილი ჯვარცმით სიკვდილამდე“.
მორჩილი შეიძლება იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რასაც სხვა გეუბნება და არა იმას, რასაც შენ თვითონ ეუბნები საკუთარ თავს.
ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, ამბობს: „საკმარისია, თუ მარხვაში არ შევჭამ შოკოლადს“. ესეც კარგი იდეაა, მაგრამ ეს მე თვითონ მოვიფიქრე და ამ შემთხვევაში მორჩილი არ ვარ. შეიძლება, საკუთარ ეგოიზმს დავუსვი ზღვარი, მაგრამ ეს ისევ საკუთარი ეგოს გამო დავსვი. ამიტომ ეს განსაკუთრებული დახმარება არ არის ჩემთვის და არ მეტყველებს ჩემს ნებისყოფაზე. თუ ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც მე თვითონ მსურს, ეს ჩემს წინსვლას ვერ წაადგება. წინსვლა ხდება მაშინ, როდესაც ვაკეთებ იმას, რასაც სხვა მეუბნება.
ასე ვსწავლობთ მორჩილებას, თუნდაც ყველაზე დაბალ დონეზე, მარხვის სფეროში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონოდა მარხვის სულ სხვა წესები, მაგრამ ისინი სწორედ ამ სახით ჩამოყალიბდა. თანამედროვე მეცნიერება კვების შესახებ გვასწავლის, რომ მომარხულე ასკეტებმა საკუთარი გამოცდილებით დაადგინეს, თუ რა ტვირთავს კუჭს ყველაზე მეტად. როდესაც თქვენი კუჭი დაკავებულია გადამუშავებით, მას ჭირდება ჟანგბადი, მისი მიღება კი ყველაზე სწრაფად ტვინიდან ხდება. ვინაიდან კუჭი ტვინიდან იწოვს ჟანგბადს, ადამიანი ყოველთვის დაღლილია ჭამის შემდეგ. ხოლო ასკეტები იკვლევდნენ იმას, თუ რა უნდა ჭამონ, რომ ჭამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ შეუდგნენ ლოცვას მთელი ძალისხმევითა და ყურადღებით. ამგვარად წარმოიშვა მარხვის ის წესები, რომლებიც ჩვენ გვაქვს.
მაგალითად, დიდი მარხვის ზოგიერთ დღეს დაშვებულია თევზი, კერძოდ კი ბზობის კვირას და ხარების დღესასწაულზე, მაგრამ არა რძის პროდუქტები და კვერცხი. თანამედროვე მეცნიერება კვების შესახებ გვამცნობს, რომ თევზის გადასამუშავებლად საჭიროა ბევრად უფრო ცოტა ენერგია, ვიდრე იგივე რძის პროდუქტების გადასამუშავებლად.
რა თქმა უნდა, შეიძლება იმის თქმა, რომ თევზი კვდება, ხოლო რძე და კვერცხი - არა. მაგრან მარხვის წესების დადგენის დროს თავდაპირველი არგუმენტი ეს არ ყოფილა, მთავარი აქცენტი გადატანილი იყო ლოცვაზე. ეს ყველაფერი, რაც გამოცდილებით იყო დადგენილი, ჩვენ მეცნიერების წყალობით შევიმეცნეთ. ამიტომ ეს წესები უაზრო არ არის. ჩვენ ბევრი რამ არ გვესმის, მაგრამ ვსწავლობთ, როდესაც ამ სავარჯიშოს ვაკეთებთ. რას ნიშნავს სავარჯიშო ძველბერძნულად? ეს არის ასკეზა, ხოლო ასკეტები სავარჯიშოს შემსრულებლები არიან. ჩვენ ყველა ვვარჯიშობთ უფლის მორჩილებაში და ვიწყებთ ყველაზე მარტივით, კერძოდ კი მარხვით. და ღმერთი ამბობს: მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. ვინც თვლის, რომ მარხვა უმნიშვნელოა, ის თავს იტყუებს და ამიტომ ვურჩევდი მას, რომ დაუმეგობრდეს მარხვას ისე, როგორც ამას ეკლესია სთავაზობს, რადგან ეკლესიამ ზუსტად იცის, თუ რას ნიშნავს ეს სულისთვის.

– დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია იმისა, რომ ადამიანები ქრისტიანულ დღესასწაულებს ქრისტეს გარეშე აღნიშნავენ. მაგალითად, „შობიდან“ (ინგლ. Christmas) წარმოიქმნება X-mas. იგივე ხდება აღდგომის დღესასწაულის შემთხვევაშიც. როგორ აფასებთ ამ ტენდენციას?
– ქრისტე ამბობს: „რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?“. ჩემს თავს ქრისტიანს ვერ ვუწოდებ, თუ არ ვასრულებ იმას, რასაც ქრისტე ამბობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე უბრალოდ „კულტურული ქრისტიანი“ ვარ და არა მორწმუნე. თუ ამას ვაღიარებ, კარგია, ყველას ეძლევა თავისუფლება და არავინ ართმევს მათ თავისუფლებას, გარდა ტოტალიტარული სახელმწიფოებისა. ღმერთი გვაძლევს თავისუფლებას. მან ადამს და ევას მისცა თავისუფლება და არ წაურთმევია მათთვის ეს თავისუფლება, თუმცა წინასწარ უკვე იცოდა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელი არ შეუშალა მათ. ღმერთმა გვიბოძა თავისუფლება და ამ თავისუფლებით ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში. ცხადია, ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად ფრენა, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში მას აქვს თავისუფლება აკეთოს ის, რაც სურს და ღმერთი არ ართმევს მას ამ თავისუფლებას. სხვა ადამიანმაც აგრეთვე არ უნდა წაართვას ამ ადამიანს ნება იმისა, რომ იყოს მხოლოდ კულტურული ქრისტიანი. ამავდროულად, ამ კულტურულ ქრისტიანს უნდა ესმოდეს, რომ ის არ არის მორწმუნე და არ წარმოადგენს ეკლესიის ნაწილს.
ამაზე, რა თქმა უნდა, ბევრი მსჯელობა შეიძლება. მთავარია, არის თუ არა ადამიანი, მაგალითად, მატერიალისტი. თუ მარტო მატერია არსებობს, მაშინ ღმერთი ვერ იარსებებს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება მოსწონდეს ეკლესიის შენობები, რადგან ეს „განსაკუთრებული სიძლიერის ადგილებია“, რომლებიც აღაფრთოვანებენ თავისი არქიტექტურით ან სხვა რამით. უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუ რატომ მიდის ადამიანი იმ ეკლესიაში, სადაც არ არის ღვთისმსახურება. შეიძლება იყოს ისეთი კულტურული ქრისტიანი, რომელიც დადის საშობაო ან სააღდგომო ღვთისმსახურებებზე, მაგრამ მხოლოდ ესთეტური ემოციების გამო. ყველა ეს შემთხვევა არსებობს და ღმერთი არ კრძალავს ამას, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ პატიოსნები ვიყოთ საკუთარ თავთან და გვესმოდეს, როგორები ვართ და არ წარმოვიდგინოთ ის, რაც სინამდვილეში არ არის. ამიტომ მიმართავს ის ასე მძაფრად ფარისევლებსა და მწიგნობრებს ამ სიტყვებით: „თქვენ თვალთმაქცები ხართ“. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ფარისევლები.
თუ ჩვენ მართლა გვწამს ქრისტესი, მისი ნება უნდა აღვასრულოთ. თუ არ ვასრულებთ, ესე იგი არ გვწამს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანებს არ მივეკუთვნებით. ქრისტიანობა გამონაკლისი არ არის. არსებობენ აგრეთვე კულტურული მუსულმანები, კულტურული ინდუისტები და კულტურული ბუდისტები, რომლებიც უბრალოდ არ მისდევენ თავიანთ რელიგიებს, თუმცა აღიზარდნენ მის სფეროში და, ბუნებრივია, მათი ფორმირება ამ რელიგიების წიაღში მოხდა.
– თუ ვლაპარაკობთ ქრისტიანობაზე ქრისტეს გარეშე, მსურს შევეხო კონფლიქტის თემას კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის. კერძოდ, გენდერულ იდეოლოგიას, ლგბტ-ს მხრივ. რას იტყვით ამის შესახებ?
- ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ღვთის ხატება - სტატიკური ელემენტია ადამიანში, ხოლო მსგავსება - დინამიური ელემენტი. ადამს და ევას ჰქონდათ სტატიკური ელემენტი და ჰქონდათ საშუალება, რომ დინამიური ელემენტი დაეხვეწათ, იმიტომ რომ ისინი ღვთის ხატებას წარმოადგენდნენ, მაგრამ მისი მსგავსნი არ იყვნენ. მსგავსება უნდა იზრდებოდეს და ეს მსგავსება ჩვენი გარდაცვალების შემდეგაც გაიზრდება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმოძრაობდით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ქვეყნად გარკვეული მოწოდებით მოდის და თუ ის არ ასრულებს თავის მოწოდებას, მას აქვს თავისუფალი ნება, ის არ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. ის არ ხდება ის, რაც შეუძლია რომ გახდეს, ის ყოველთვის ჩამორჩება თავის პოტენციალს.
შემდეგ ნათქვამია: „ღმერთმა ადამიანი შექმნა, მამაკაცად და დედაკაცად“, აქ არის დუალობა და სხვა არაფერი. თუ ადამიანს სურს იყოს ღვთის მსგავსი, მან ისე უნდა განვლოს ეს გზა, როგორც ღმერთმა დაუსახა, კერძოდ კი: მამაკაცად ან დედაკაცად. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მეტ სულიერ დანაკლისს განიცდის ის. და თუ ადამიანი სულიერად დაზიანებულია, ის დაზიანებულია აგრეთვე ფსიქოლოგიურად და ემოციურად. განსაკუთრებულ გარემოებებში კი, ავადმყოფობის დროს, ის ხორციელადაც ზიანდება. ყველაფერი იკურნება ქრისტეს მიერ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდნენ ადამი და ევა, კერძოდ კი - ღვთის მსგავსებიდან. რაც უფრო მეტად დაზიანდა ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი იდენტობის კრიზისი, იმიტომ რომ ის ვერ იმეცნებს თავის ჭეშმარიტ იდენტობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და უნდა მიემსგავსოს მას. ამას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანი, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ვეღარ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და ცდილობს ეს დაკარგული იდენტიფიცირება სხვა საშუალებებით შეცვალოს.
ამიტომ ჩნდება სხვადასხვა გენდერის ან სხვადასხვა ჰობის პრობლემა, რომელიც ქრისტეს ადგილს იკავებს, ან სხვადასხვა აზრობრივი მიმდინარეობების პრობლემა. მაგრამ საკუთარი თავის პოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენში ადგილი აქვს ქრისტეს. მხოლოდ ამ გზით გავხდებით ღვთის მსგავსნი. მთავარი ის კი არ არის, რომ მიუთითო ადამიანს და უთხრა: „შენ ცდები“. მაგრამ თუ ჩვენ მართლა სერიუზულად ვეკიდებით ქრისტიანობას, უნდა მივუთითოთ ადამიანებს და ვუჩვენოთ მათ უკან დასაბრუნებელი გზა, თუ ისინი განეშორებიან ღვთის ხატებას. ადამიანს ვერ ვუშველით, თუ ვეტყვით მას: „შენ ჯანმრთელი ხარ“, როდესაც სინამდვილეში მისი შინაგანი ღვთის ხატება დაზიანებულია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ხალხია ავად, ვისზეც თქვენ ახლა ლაპარაკობდით, არა, ყველა ავად ვართ. ყოველ ადამიანში მთელ რიგი სნეულებათა კომპლექსია წარმოდგენილი. სნეულებად ითვლება ისიც, როდესაც ადამიანი ვერ პოულობს თავის მოწოდებას, როგორც მამაკაცი ან დედაკაცი.
– სნეულებები შეინიშნება საეკლესიო ურთიერთობებშიც. განიხილება კანონიკურობა და კანონიერება, განსაკუთრებით პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უკრაინის საეკლესიო განხეთქილების „გამოსწორების“ მიზნით, აგრეთვე გარკვეულ სახელმწიფოთა წარმომადგენელთა გავლენა ამ პროცესებზე.
– თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ, როგორც ბერს, საერთოდ არ მსურს პოლიტიკაში ჩარევა, ეს ჩემი ამოცანა არ არის. ჩემთვის, როგორც ბერისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია კვლავ ქრისტეს მივმართო. ჩემი აზრით, ჩვენს ეკლესიაში ქაოტური სიტუაცია არის იმიტომ, რომ ქრისტე ცენტრში არ იმყოფება, ის არ არის პიროვნება, რომლითაც ყველაფერი განიზომება. პირველ რიგში წარმოდგენილია ეგოისტური მიზნები, რომლებიც შემდგომში, ასე ვთქვათ, ძლიერდება ოდესღაც არსებული კანონების საშუალებით. ეს კანონები გარკვეულ პერიოდებში და გარკვეულ ვითარებებში ეკლესიის მიერ იყო გამოცემული და აუცილებელი არ არის, რომ ყველა კანონი ასახავდეს ყველა დროის საყოველთაო რეალობას. რა თქმა უნდა, არის კანონები, რომლებიც ამას ასახავენ, მაგრამ ყველა არა.
ამიტომ ყველაფრის საზომი ყოველთვის არის ქრისტე და თუ საეკლესიო პოლიტიკა აიძულებს ქრისტეს გაქრობას, მაშინ ეკლესიის კარი ფართოდ იღება ყოველგვარი არეულობისთვის. ეშმაკის სახელი ბერძნულად არის „დიაბოლოსი“. „დია“ ნიშნავს „მეშვეობით“, ხოლო „ბოლოსი“ მომდინარეობს „ბალოდან“, რაც ნიშნავს „გადაგდებას“ პირდაპირი მნიშვანელობით. ამრიგად, ნებისმიერი არეულობა ეშმაკისგან მოდის და თუ მე მას კარს ვუღებ, მსგავსად ადამისა და ევასი, რომლებმაც დაივიწყეს ღმერთი და პირველ ადგილზე საკუთარი ნება დააყენეს, მეც აგრეთვე არეულობა შემაქვს ეკლესიაში.
რა თქმა უნდა, ხალხი, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებს ქრისტეს, აღფრთოვანების ღირსია, განსაკუთრებით, თუ ისინი იტანჯებიან ამის გამო. ყველა მოწამემ გაიარა ეს და უკრაინა ახლაც შობს წამებულებს. მიტროპოლიტი ონოფრე კი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო, როდესაც შენს თვალწინ ქრისტეა. სინამდვილეში, ონოფრე მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა იერარქს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს, მათ მაგალითი უნდა აიღონ მისგან და ეცადონ, რომ ყველაფერი ქრისტეთი ახსნან.
ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ყველა ეს სირთულე საერთოდ არ იქნებოდა. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ჯერ იერარქები, მერე ეკლესიური ხალხი, პირველ ადგილზე ღვთის ნების შესრულებას არ აყენებენ. მაშინ მოდის ეშმაკი, იმიტომ რომ მას ეძლევა ასპარეზი თამაშისთვის. და აქ უკვე კვლავ და კვლავ მეორდება ადამისა და ევას ისტორია. და აქ კვლავ ვუბრუნდებით მარხვის მნიშვნელობის აუცილებლობას. ჩვენ რომ საკუთარი ნებით „ვმარხულობდეთ“ და ყველაფერში ღვთის ნებას ვეძებდეთ (რასაც ვადასტურებთ ლოცვაში მამაო ჩვენო: „იყავნ ნება შენი...“), ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ განკურნება ისევ და ისევ შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს მიერ, ქრისტეში და ქრისტესთან ერთად. სხვა განკურნება არ არსებობს. შესაძლოა, პოლიტიკურ პროგრამებს შეუძლიათ რაღაც სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მათ განკურნება არ შეუძლიათ. ეს ეხება ყველაფერს, რაც ადამიანურია: აქ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ფსიქოლოგიას, მაგრამ ის ვერ კურნავს. განკურნება მხოლოდ ღმერთს ძალუძს და არაფერს ადამიანურს ამის ძალა არ გააჩნია. სანამ მიჯაჭვულები ვართ იმასთან, რასაც ადამიანურს ვუწოდებთ, ადამიანური იდეები გვაქვს, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ლოცვაში „მამაო ჩვენო“ ვამბობთ: „იყავნ ნება შენი...“, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სინამდვილეში ჩვენს ინტერესებში ეს არ შედის.
მე ვერ განვიკითხავ ადამიანებს, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მაგრამ ჩვენ მოვლენების განსჯა შეგვიძლია. ქრისტე ამის კრიტერიუმს გვაძლევს, როდესაც ამბობს: „თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ…”. ცხადია, პატრიარქმა ბართლომემ თავად იცის, რომ მისმა ქმედებებმა კეთილი ნაყოფი არ გამოიღო. მისთვის პრობლემა იმაშია, როგორ დააღწიოს ამას თავი ისე, რომ სახე არ დაკარგოს. ეს, ჩემი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის კვლავ მიმართავს ქრისტეს.

– სანამ ჩვენ ვწერთ ამ ინტერვიუს, ტარდება მოლაპარაკებები უკრაინაზე და სხვა კრიზისულ რეგიონებზე. ხალხი დაიღალა ომებისგან და მშვიდობა სურს. როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ?
– არსობრივად, მშვიდობა მშვიდობა კი არ არის, არამედ ომის არარსებობაა, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობის ხალხი ძალიან, ძალიან უკმაყოფილო იქნება. ჭეშმარიტ მშვიდობას ადამიანი ვერ აღწევს. თუ გავიხსენებთ ლიტურგიას, რომელია პირველი ვედრება მას შემდეგ, რაც მღვდელი აკურთხებს საკურთხეველს სახარებით („კურთხეულ არს მეუფება...“)? „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ...“. მეორე ვედრება? „ზეგარდმო მშვიდობით...“ მესამე ვედრება? „მშვიდობა ყოველთა...“. როგორ გგონიათ, რატომ იწყება ლიტურგია ამ სიტყვებით? იმიტომ რომ ხალხს არ აქვს მშვიდობა. იმიტომ რომ მშვიდობა მხოლოდ ღვთის სასუფეველში არსებობს.
მაგრამ ღვთის სასუფეველი, მას შემდეგ, რაც ქრისტე მოვიდა, არა მარტო ზეცაშია, არამედ ქვეყანაზე, მისი რეალიზება ხდება მათ გულებში, ვინც ქრისტეს მორჩილია. სხვებიც აშენებენ სასუფეველს, მაგრამ თუ ეს სასუფეველი არ არის ქრისტესი, ის ყოველთვის მხოლოდ ადამიანურია და ვერ იარსებებს. ის ვერ შეძლებს არსებობას. ეკლესიამ ეს ზუსტად იცის, ამიტომაც ეს ვედრებები ამ სიტყვებით იწყება.
„მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ...“, „მშვიდობა ყოველთა...“, „წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა...“. მშვიდობა ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ლიტურგიაზე, იმიტომ რომ თვით ლიტურგია არის ამქვეყნიური სასუფეველი. ჩვენ ლიტურგიას ვზეიმობთ, რადგან სწორედ ამ სასუფეველში შეიძლება მშვიდობის პოვნა და ეს სწორედ რომ ქრისტეს მშვიდობაა და არა ადამიანური მშვიდობა. და კიდევ ერთხელ: ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და არაფერი არ ვაკეთოთ. არა, უნდა ვიმუშავოთ. მაგრამ ქრისტე ამბობს: „უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ”. მოციქულებიც ცდილობდნენ, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ წარმატებულნი, როცა მათთან სულიწმიდა სუფევდა.
მართლმადიდებელთა უმრავლესობის მზერა ქრისტესკენ არ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენ მორწმუნეები ვართ და შესაძლოა ვკითხულობთ დილის და საღამოს ლოცვებს. მაგრამ საქმე იმაშია, ვიცვლებით თუ არა ჩვენი რწმენით. უმრავლესობა თითქმის არც იცვლება. რატომ? იმიტომ რომ, თუმცა მათ სწამთ ქრისტე, მაგრამ არ აყენებენ მას თავიანთი ცხოვრების ცენტრში. და სანამ ისინი ამას არ გაიაზრებენ, მანამდე არც არაფერი არ მოხდება, რამდენიც არ უნდა ჩააბაროთ აღსარება და მოინანიოთ. თქვენ შეიძლება შეასრულოთ გარკვეული ქმედებები, მაგალითად, ეპიტიმიის სახით 50 დიდი მეტანია. მაგრამ ამით ვერ შეიცვლებით, თუ არ შეიცვლით თქვენი ააზროვნების ფოკუსს.
როდესაც მღვდელი კითხულობს ევქარისტიულ კანონს - ანაფორას (საერთოდ ის არ ისმის, იმიტომ რომ კითხულობს ჩუმად), იქ ნათქვამია: „გარდამოავლინე სული შენი წმინდა ჩუენზედა, და წინამდებარეთა ძღვენთა ზედა…”. რატომ ჯერ ჩვენზე და შემდეგ კი ძღვენზე? იმიტომ რომ უნდა მოხდეს ძღვენთა გარდაქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად, ჩვენი კი - ჭეშმარიტ ქრისტიანებად, ეს ორმაგი გარდაქცევაა. ჩვენ ღვთის შვილებად გარდავიქცევით! და თუ არ ვმონაწილეობთ? აქ უნდა დავიწყოთ მართლმადიდებლური აზროვნება, რომელიც ყოველთვის ქრისტესგან გამომდინარე უნდა იყოს. რას ითხოვს ქრისტე ჩვენგან? იმას, რაც მას ჩვენგან სურს, მარტივია, როგორც უკვე ითქვა, იმას, რაც მას თავიდანვე სურდა, რომ ჩვენ, მისი ხატებით, მისი მსგავსნი გავხდეთ.
მსგავსება შეწყდა მაშინ, როდესაც ადამიანში ცოდვა შევიდა. ეს მსგავსება შეიძლება კვლავ აღდგეს ქრისტეს მეშვეობით, რომელმაც დათრგუნა ცოდვა, სიკვდილი და ეშმაკი. ჩვენ შესაძლოა კვლავ ჩავერთოდ ამ მსგავსების პროცესში, თუ მივეახლებით ქრისტეს. სიტყვა „მივეახლებით“ არის ზიარების წინა ლოცვებში. ჩვენ ვთარგმნეთ ის როგორც „მიახლოვება“, იმიტომ რომ „მიახლება“ ცოტა პროფანულად ჟღერს. „ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა კეთილ არს, და დიდებად უფლისა მიმართ სასოება ცხოვრებისა ჩემისა...“- ნათქვამია ზიარების წინ ბოლო ლოცვაში. სწორედ ასეა. მაგრამ თუ ჩვენ არ ვასრულებთ ამ პროცესს, ამაშიც თავისუფლება გვაქვს. ღმერთმა გვიბოძა ის. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ რა გვსურს, მსგავსად ადამისა და ევასი.
ხშირად ვიქცევით ადამისა და ევას მსგავსად. ამიტომ არ გარდავისახებით და ვინაიდან არ გარდავისახებით, ვერარაფერს ვერ გარდავსახავთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზღვრები. საზღვრების გადალახვა ხდება ღმერთში, ამას ამბობს მეფსალმუნე: „ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა…”. თუ არა და, ვიდგებით ამ ზღუდეს წინ და სულელივით მივაჩერდებით მას.
– ამ სტატიას ალბათ გადავთარგმნით ექვს ენაზე, ასე რომ ბევრი ადამიანი შეძლებს, რომ გაიგოს ან წაიკითხოს თქვენი სიტყვები. რა გსურთ უთხრათ ამ ადამიანებს? რა გაქვთ გულში?
– მსურს ვთქვა ის, რაც უკვე თქვა პავლე მოციქულმა: „ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში”. ამინ.
ამინ.

